ვაქცინებზე დეზინფორმაციით გამოწვეული თავბრუსხვევა - ვაქცინაციის დაწყების მიმოხილვა ევროკავშირის სამეზობლოსა და რუსეთში

ვაქცინებზე დეზინფორმაციით გამოწვეული თავბრუსხვევა - ვაქცინაციის დაწყების მიმოხილვა ევროკავშირის სამეზობლოსა და რუსეთში


ახალი კორონავირუსის გარშემო მითებისა და ყალბი ამბების გავრცელება თითქოს მინელდა, თუმცა დეზინფორმაციის ახალი ტალღა დაიძრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

EuvsDisinfo-მ, 2021 წლის თებერვლის თვეში და მარტის პირველ კვირაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში COVID-19-თან და ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით შექმნილი საინფორმაციო გარემო განიხილა. სტატიას გთავაზობთ უცვლელად.

ჯანდაცვის სფეროში არსებულ ყველა ფართომასშტაბიან კრიზისს თან ახლავს ჭორები, შეთქმულებები და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია ვირუსის წარმოშობის შესახებ. ამის შედეგად შექმნილ საკომუნიკაციო კრიზისში კი არსებობენ დამარცხებულები და გამარჯვებულები. მას შემდეგ, რაც საჯარო დისკუსიაში ერთვებიან მთავრობები, მედიასაშუალებები და ჯანდაცვის მუშაკები, მდგომარეობის ხელახალი ნორმალიზაციის კვალდაკვალ ახალი ნარატივები ჩნდება. მსგავსი რამ მოხდა COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი წლის წინ, EUvsDisinfo-მ წარმოადგინა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ფართოდ ავრცელებდნენ პროკრემლისტური წყაროები ევროკავშირსა და მის ვრცელ სამეზობლოზე მიმართულ კონსპირაციულ ნარატივებსა და დეზინფორმაციას. დღეს, როცა უკვე COVID-19-ის ირგვლივ მთავარ ყურადღებას ვაქცინები იკავებს, ჩვენ ვცდილობთ, დავაკვირდეთ ნარატივებს და გამოვავლინოთ მანიპულაციები. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ერთგვარად „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის პოპულარიზაციისთვის ბრძოლად გადაიქცა.
აცრების დაწყებასთან დაკავშირებით პროკრემლისტური მედიასაშუალებების ტექსტებში გავრცელებული ნარატივები „სპუტნიკ V“-ს წარმოაჩენს, როგორც საზოგადო სიკეთეს, ეფექტიან, უსაფრთხო და მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნად საშუალებას. სურათი ისეა დახატული, თითქოს რუსეთი სხვა ქვეყნებს იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე სხვა სახელმწიფოები და აქტორები და ის „ვაქცინების დიპლომატიის“ ლიდერია.
 
„სპუტნიკ V“ შინ და გარეთ (როგორია ის შინ?)
რუსეთში მთავრობა წარმოჩენილია ისე, თითქოს ის სხვა ქვეყნებზე წინაა  საყოველთაო აცრის პროგრამის განხორციელებაში, თუმცა სახელმწიფო ორგანოები სისტემატურ სტატისტიკას არ ასაჯაროებენ. მიუხედავად ამისა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მარტის დასაწყისში რუსეთის მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლებს ჰქონდა გაკეთებული აცრა მაშინ, როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი იმავე პერიოდში 2.48 % იყო. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციის ეს ნაკლებობა თავისთავად აღსანიშნავია; – რატომ უნდა იყოს ინფორმაცია დამალული, თუ „სპუტნიკ V“ მართლაც ასეთი წარმატებულია?
„სპუტნიკ V“-ის ქება-დიდების პარალელურად, პროკრემლისტური მედიასაშუალებები ევროკავშირში აცრების დაწყებასთან დაკავშირებით ნეგატიურ ამბებს აქტიურად ავრცელებენ და ევროკავშირის იმიჯის შებღალვასა და დამახინჯებას ცდილობენ – თითქოს ევროკავშირი ვერ უმკლავდება COVID-19-ს, ხოლო აცრის პროგრამები „შეწყვეტილია ან გაჩერებულია“. ხაზგასმულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება
, ვაქცინების ევროკავშირის გარეთ ექსპორტის შეზღუდვის საფრთხე
 და, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის კრიტიკა. გამორჩეულ ადგილს იკავებს დავა ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ისევე, როგორც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის და საპროტესტო გამოსვლები იზოლაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ქალაქში მთელი კონტინენტის მასშტაბით.


„ევროკავშირის ბრალია!“ (კლასიკა)
ევროკავშირის ინსტიტუტებს ბრალს დებენ იმაში, რომ თითქოს ისინი რუსულ ვაქცინას უპირისპირდებიან ან მისი წარმატების ეშინიათ და თავს იკავებენ, ავტორიზაცია მისცენ „სპუტნიკ V“-ს ევროკავშირში. პროკრემლისტური მედია სხვადასხვა ენაზე და პლატფორმაზე ამტკიცებს, რომ თითქოს „სპუტნიკ V“-ის მიმართ ევროკავშირის სკეპტიკური დამოკიდებულება ქებით შეიცვალა. ნარატივებში გამოკვეთილია განცდა, თითქოს „სპუტნიკ V“-მა „სკეპტიკურ დასავლეთზე“ გაიმარჯვა, და ამავდროულად მანიპულაციების გამოყენებით აუდიტორიის დარწმუნების მცდელობა, თითქოს ევროკავშირმა დაგვიანებით და ზეწოლის შედეგად მიიღო ზომები და სისუსტე აჩვენა. ან ევროკავშირი წარმოდგენილია, თითქოს ის დილემის წინაშე იყოს: როგორ იყიდონ რუსეთისგან, როცა სანქციები მოქმედებს?’ მარტის დასაწყისში ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ „სპუტნიკ V“-ის განხილვის დაწყების შესახებ გახდა ცნობილი, რასაც გამარჯვების ყიჟინა მოჰყვა ყველა რუსულ და პროკრემლისტურ მედიასაშუალებაში. განსაკუთრებით შესამჩნევია უარყოფითი შინაარსის კონტენტისა და აშკარა დეზინფორმაციის გაძლიერება დასავლეთში წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, კერძოდ, Pfizer/BioNTech-ის წინააღმდეგ. პროკრემლისტური მედიასაშუალებები სავარაუდო გვერდით ეფექტებს აბუქებენ და ამტკიცებენ, რომ აცრის შემდეგ ადამიანების სიკვდილიანობა საგრძნობად გაიზარდა. ანგარიშებში წარმოდგენილია თვეობით ადრე თითქოსდა აცრის მიერ გამოწვეული უბედური შემთხვევების საშიში ამბები, რომელთა მიზანი, მათი თქმით, პრობლემური და საშიში ვაქცინების გამოვლენაა. Pfizer-ს ადანაშაულებენ კვლევის ფაზების გამოტოვებაში (თუმცა ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ „სპუტნიკ V“-მა სწორედ ეს გააკეთა), ასევე, სასიკვდილო შედეგით დასრულებულ ტესტირებაში და მოუმზადებელი და საფრთხის შემცველი ვაქცინების გამოშვებაში, Pfizer-სა და Moderna-ს აბრალებენ გამჭვირვალობის ნაკლებობას, ხოლო შესადარებლად მოჰყავთ რუსული ვაქცინის უპირატესობები, რომლებიც ვაქცინის/კომპანიის სახელმწიფო მფლობელობითაა განპირობებული. ბოლო კვლევების თანახმად, რუსეთში ვაქცინებისადმი უნდობლობამ სტაბილური 50%-დან 62%-ზე მეტს მიაღწია. მარტის პირველი რიცხვების მდგომარეობით, ეს ადამიანები მზად არ არიან ასაცრელად.
 
შეთქმულებებმა იკლო – უნდობლობამ იმატა
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ და კონტროლირებულ რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ვაქცინებისადმი უნდობლობის წამახალისებელი კონსპირაციული თეორიები მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც „სპუტნიკ V“ გახდა ვაქცინის კანდიდატი. მიუხედავად ამისა, სოციალურ მედიაპლატფორმაზე VKontakte ზოგიერთი საჯარო გვერდი მაინც აგრძელებს COVID-19-თან დაკავშირებული კონსპირაციული დეზინფორმაციის გავრცელებას ვაქცინების დასავლური მწარმოებლების შესახებ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ამბები, რომლებიც ასეა ჩამოყალიბებული: „ბილ გეითსმა შექმნა კორონავირუსი“ და „ვაქცინა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის კონტროლისთვის გამოიყენება.
 მას დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიები იყენებენ ფულის საკეთებლად და ის დაავადებებსა და უშვილობას იწვევს“; „გავლენიანი გლობალური მოთამაშეები კრძალავენ ფაბრიკაციებს
, რომლებიც კორონავირუსს ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP) რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და/ან კონტროლირებული მედიასაშუალებები ადგილობრივ ენებზე ავრცელებენ ინფორმაციას და აუდიტორიას სთავაზობენ იმავე ნარატივებს, რაც რუსულ შიდა მედიასაშუალებებშია წარმოდგენილი. RT (ადრინდელი დასახელება – „Russia Today“ TV), პარტნიორი საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“ და მისი სხვადასხვაენოვანი ვერსიები აქტიურობენ, როგორც ამას EUvsDisinfo-ზე ჩვენი მონაცემთა ბაზის ეს მიმოხილვა ნათლად აჩვენებს.

EaP–ის წევრი ქვეყნების უმეტესობაში არსებობს სერიოზული სკეპტიციზმი / უნდობლობა ვაქცინებთან დაკავშირებით, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა ეროვნული კვლევების მიხედვით, მთლიანი მოსახლეობის 30%-დან 50%-ზე მეტს შორის მერყეობს. ადამიანებს ეშინიათ ვაქცინების გვერდითი ეფექტების და ხშირად მათთვის ხელმისაწვდომი არაა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული სანდო მუშაკების რჩევები. EaP-ის წევრი ქვეყნების მთავრობების კომუნიკაცია სხვადასხვაგვარია აცრების დაწყებასთან დაკავშირებით: ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე უკეთ ახერხებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ჩართულობის უზრუნველყოფას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რჩევების გაცემითა და კონსპირაციების გაქარწყლებით. ყველასთვის საერთო გამოწვევად რჩება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის ნაკლებობა, რაც ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ეჭვების გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს. მცირემასშტაბიანი ან მომავალში განსახორციელებელი საინფორმაციო კამპანიები ვაქცინებთან დაკავშირებული სკეპტიციზმისა და ჭორების გავრცელების არეალს ტოვებს. მნიშვნელოვანია ყალბი და მავნე ნარატივების როგორც გამოვლენა, ისე მათ მიმართ წინასწარი ზომების მიღება.
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
სომხეთში გადაწყვიტეს, COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით იყიდონ AstraZeneca და ასევე შეიძინონ „სპუტნიკ V“. რუსეთმა სომხეთს პირველი 1020 ადამიანის სამყოფი „სპუტნიკ V“-ის ვაქცინა საჩუქრად გადასცა. სომხურ საინფორმაციო გარემოზე და საჯარო დისკურსზე კვლავ დიდ გავლენას ახდენს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები და შიდა პოლიტიკური სიტუაცია, COVID-19-ის ვაქცინაცია ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. არასწორი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ მედიაში ნაკლებად გვხვდება. ბოლო თვეებში ვაქცინებთან დაკავშირებით შეიმჩნევა დეზინფორმაციის შემთხვევები, რომლებიც რუსული ნარატივების ანალოგია. დეზინფორმაცია ვრცელდება ისეთი საინფორმაციო საშუალებებით, როგორიცაა livenews.am და რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Sputnik-ის სომხური ვერსია. დეზინფორმაციული ნარატივები სხვადასხვა ფორმით ვაქცინებისადმი შიშს ავრცელებს, მაგალითად: „ადამიანები აცრით სიცოცხლეს რისკავენ, მაგრამ სანაცვლოდ გარანტირებულ დაცვას ვერ იღებენ და შეიძლება ინფექციის გადამტანებად მაინც დარჩნენ “; „ხელოვნურად შექმნილი ახალი კორონავირუსის (SARS-COV 2) პირველი ეტაპი მოსახლეობის შემცირებაა“.

აზერბაიჯანში სახელმწიფო ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ მედიას. ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ნაკლებად გვხვდება, მაგრამ ვაქცინებისადმი უნდობლობა მაინც პრობლემაა. ბოლო კვლევებში რესპონდენტების თითქმის 50% აცრას მხარს არ უჭერს ან არ ენდობა მას (apa.tv; Red Microphone-ის არხზე და Radio Liberty-ში). ადამიანები აცრისგან თავს ძირითადად იმიტომ იკავებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია ან გვერდითი ეფექტების ეშინიათ. Sputnik Azerbaijani (Sputnik.az) სარკისებურად იმეორებს ოფიციალურ რუსულ ნარატივებს, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი, მათ შორის, დეზინფორმაციას და სავარაუდო რისკებს დასავლეთში წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით. ეს მთავრობის საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას დამატებით სირთულეებს უქმნის. დასავლეთის ვაქცინების შესახებ მავნე ნარატივები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც COVAX-მა აზერბაიჯანის სამთავრობო ორგანოებს ვაქცინების მიწოდების შეფერხების შესახებ აცნობა, ხოლო თავად პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განვითარებული ერები დაადანაშაულა ვაქცინების არათანაბარ და უსამართლო განაწილებაში – ეს ბრალდებები ფართოდ გააშუქა აზერბაიჯანის მედიამ.

ბელარუსში სამთავრობო ორგანოები სერიოზულად არ აღიქვამენ COVID-19-ის რისკებს და დიდი ალბათობით, არ სვამენ საკმარისი რაოდენობის დიაგნოზს და შემთხვევების რაოდენობასა და სიკვდილიანობას მალავენ. სამთავრობო ორგანოებს სიკვდილიანობის ზოგადი მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ 2020 წლის ივნისის შემდეგ (რაც აჩენს კითხვებს თუ რატომ). დამოუკიდებელი ექსპერტებისა და დამკვირვებლების შეფასებით, COVID-19-ით გამოწვეული რეალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოფიციალურ რიცხვებს 10-15-ჯერ შეიძლება აღემატებოდეს. 2021 წლის 9 მარტს Kastryčnicki Economic Forum-მა  შეძლო, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ოფიციალურ სტატისტიკაზე  და მოხმარებაზე დაყრდნობით გამოეთვალა, რომ ბელარუსში 2020 წელს მოსახლეობის საშუალო წლიური დონე 47 800 ადამიანით შემცირდა. შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 14 700 იყო, ხოლო 2019 წელს – 17 800. რადგანაც ემიგრაციასა და სხვა ფაქტორებს ნაკლები ზეგავლენა ჰქონდა, ეს მონაცემი გვიჩვენებს, რომ 2020 წელს სიკვდილიანობის 30 000 „ზედმეტი“ შემთხვევა გვაქვს.
9,4 მილიონიან ქვეყანაში აცრის პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა მნიშვნელოვანი მასშტაბით. აცრის გასაკეთებლად ზოგადი მზაობის შესახებ საჯაროდ არც გამოკითხვებია ხელმისაწვდომი და არც კვლევები. ვრცელდება ცნობები, რომ ჯერჯერობით მხოლოდ რუსული „სპუტნიკის“ ოცი ათასამდე დოზა და ჩინური Vero Cell-ის უცნობი რაოდენობაა გამოყენებული. დაუდასტურებელი მონაცემების მიხედვით, ხელმისაწვდომი ვაქცინების მიმართ ნდობა დაბალია თავად მედიკოსებს შორისაც კი და ბელარუსები სკეპტიკურად არიან განწყობილი მასობრივი აცრის გეგმებთან დაკავშირებით სამთავრობო ორგანოების მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ.

საქართველოში ვაქცინების შესახებ არასწორი ინფორმაცია/დეზინფორმაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ძირითადად, სოციალური მედია საშუალებებით ვრცელდება, განსაკუთრებით, Facebook-ზე, სადაც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ჯგუფები დიდი რაოდენობით დეზინფორმაციულ პუბლიკაციებს ქმნიან. ასევე, რამდენიმე ულტრა-მემარჯვენე და კრემლთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალება რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს ვაქცინებთან დაკავშირებით. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik საქართველოში აგრძელებს თავისი არხების გამოყენებას პროკრემლისტური გზავნილების გასავრცელებლად [2]. სხვა პროკრემლისტური მედიასაშუალებები, განსაკუთრებით NewsFront Georgia , Geworld.ge , Saqinform.ge, Tvalsazrisi.ge და Alt-Info.com  ხელს უწყობენ ყალბი ამბების გავრცელებას დასავლეთში შექმნილ ვაქცინებთან მიმართებით, კერძოდ Pfizer/BioNTech-თან (ახლახან კი AstraZeneca-სთან) დაკავშირებით. სამთავრობო კომუნიკაცია ძირითადად კონცენტრირებულია ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენციებზე და დიდი ყურადღება არ ეთმობა COVID-19-თან დაკავშირებულ ყალბ ამბებს ან დეზინფორმაციას, თუმცა ახლახან დაიწყო საჯარო საინფორმაციო კამპანია აცრების შესახებ. ვაქცინაციის ახალ სტრატეგიაზე მომზადებული საინფორმაციო ვიდეო ხალხს აფრთხილებს ვაქცინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ და მოუწოდებს მათ, სანდო წყაროებისგან გაეცნონ ფაქტობრივ ინფორმაციას.

მოლდოვაში დეზინფორმაციულ და კონსპირაციულ თეორიებს ხელს უწყობენ მარგინალური ვებსაიტები, რომლებიც სავსეა ანტივაქსერული პოზიციებითა და რელიგიური შინაარსის მასალით. პროკრემლისტური მედია, მათ შორის Sputnik.md 
რუმინულ ენაზე, Mejdurecie.md ხოტბას ასხამს რუსულ ვაქცინას და აკრიტიკებს დასავლურ ვაქცინებს და მათ მწარმოებლებს. პროკრემლისტური მედიის ყურადღება გადატანილია ევროკავშირის ვაქცინაციის პროგრამის გაუმართაობაზე, რაც რუსეთის წარმატებასთან ქმნის კონტრასტს. ევროკავშირი წარმოდგენილია ისე, თითქოს ის ვერ ახერხებს ვაქცინაციის მართვას და თანდათან თანხმდება რუსეთის მიღწევებსა და ვაქცინას. სათაურებში გვხვდება ასეთი ფრაზები: „COVID-19 ლაბორატორიებში შეიქმნა; „მოხუცები ბუზებივით დაიხოცნენ: ევროკავშირსა და აშშ-ში ასობით ადამიანი იმსხვერპლა ვაქცინებმა“. Sputnik: „AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელიც რუმინეთშიც გამოიყენება, ეფექტიანობა მხოლოდ 10 % აქვს“. სხვა ისტორიები: „ისრაელი ნაცისტურ სამედიცინო რეჟიმს აყალიბებს“; „ვისკონსინში 28 წლის ექთანი Pfizer-ის მეორე დოზის მიღებიდან ხუთი დღის შემდეგ ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა.
 
უკრაინა კვლავ მწვავე კრიტიკის მთავარ სამიზნედ რჩება როგორც რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი, ისე ადგილობრივი პროკრემლისტური მედიის მხრიდან იმის გამო, რომ „სპუტნიკ V“-ზე არ გასცა ავტორიზაცია. NTV-ის მიერ გავრცელებული პროკრემლისტური ნარატივის თანახმად: „აშშ-ის საელჩოსგან მიღებული ბრძანების გამო უკრაინამ უარი თქვა რუსული ვაქცინის გამოყენებაზე და ამით საფრთხეში ჩააგდო უკრაინელების სიცოცხლე, ან RT-ის თანახმად: „უკრაინა რუსულ ვაქცინაზე უარს პოლიტიკური მიზეზების გამო ამბობს. გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია უკრაინის ხელისუფლების დაცინვისა და ცილისწამებისთვის და ამასთან ერთად, ვაქცინაციის დაწყებასაც პრეზიდენტ ზელენსკის გასაკრიტიკებლად იყენებენ. რუსული და პროკრემლისტური მედია გზავნილების უფრო ფართოდ გასავრცელებლად Facebook-ზე და Telegram-ზე არსებულ არხებს იყენებს.
 
დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად მიმდინარეობს ძლიერი საჯარო საინფორმაციო და საკომუნიკაციო კამპანია ვაქცინების შესახებ. მთავრობა მოსახლეობას საყოველთაო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რასაც მხარს უჭერენ ქვეყნის ლიდერები. თუმცაღა, ვაქცინაციის მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას განაპირობებს COVID-19-ის კრიზისის მართვით გამოწვეული ზოგადი უკმაყოფილება და ხელისუფლებით იმედგაცრუება, როგორც ამას UNIAN აღნიშნავს.
 
პოსტსკრიპტუმი: ამ სტატიის გამოსაქვეყნებლად მომზადების შემდეგ მალევე გავრცელდა AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდით ეფექტებთან დაკავშირებული ცნობები და შეკითხვები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯანდაცვის სპეციალისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიმდინარე დისკუსიები და ასევე, EMA-ს მიერ 18 მარტს გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულმა და/ან დაფინანსებულმა საინფორმაციო საშუალებებმა აიტაცეს და ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა შეცდომაში შემყვანი ნარატივების გასაძლიერებლად: ყურადღება გაამახვილეს AstraZeneca-ს საფრთხეზე, აღნიშნეს, რომ თითქოს ევროკავშირმა ვერ შეძლო COVID-19-ის მართვა, ხაზი გაუსვეს „სპუტნიკ V“-ის წარმატებას.
ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ვაქცინაციის შესახებ მიმდინარე საჯარო განხილვაზე (მთავარი რუსული სამთავრობო სატელევიზიო არხიდან ამოკრებილი მაგალითები წარმოდგენილია აქ და აქ
 
დაბოლოს, „ვაქცინების დიპლომატიის რბოლის“ კვალდაკვალ აღსანიშნავია, რომ პირადად პრეზიდენტ პუტინის ვაქცინაცია, რომლის შესახებაც ამ კვირაში გახდა ცნობილი, საჯაროდ არ ჩატარებულა. როგორც წესი, პუტინი არ ერიდება ცხენზე ჯირითით, ყვინთვით, ფრენით, თევზაობით და ა.შ. საკუთარი თავის წარმოჩენას. მაშინ, როცა პრეზიდენტი ზელენსკი სამი კვირის წინ კამერების წინ აიცრა ლუგანსკთან ახლოს განთავსებულ სამხედრო ჰოსპიტალში, პროკრემლისტურ საინფორმაციო საშუალებებს მალევე გაუჩნდათ ეჭვი: – ვიტამინებით ხომ არ აიცრაო? ახლა კი, როცა რუსეთის სამთავრობო ორგანოებმა მიზანმიმართული საჯარო საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს ყველა პლატფორმაზე და აცრის პოპულარიზაციისთვის ცნობილ სახეებს იყენებენ, რადგანაც ვაქცინების მიმართ სერიოზული უნდობლობა არსებობს ქვეყანაში, ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მეთაურზე უფრო მეტად მისაბაძი ადამიანი?