საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის ოცდაათი წელი

1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამან საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებას, რომელიც უკვე ოცდაათ წელს ითვლის. ამ თარიღის აღსანიშნავად მთელი წლის განმავლობაში სექტორი სამი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის სხვადასხვა კუთხიდან გაშუქებას გეგმავს.

ამ მიზნით სექტორი სამი მოამზადებს და საზოგადოებას წარუდგენს სხვადასხვა სახის ანალიტიკურ ნაშრომს, რომლებიც ერთი მხრივ დემოკრატიზაციის პროცესზე მოქმედი საშინაო და საგარეო ფაქტორებზე დაყრდნობით ანალიზს გაუკეთებს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მიღწეული შედეგებს და არსებულ გამოწვევებს, და მეორე მხრივ შესაბამის აქტორებს ქვეყანაში დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების და საერთაშორისო უცხოური საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერების მიზნით დეტალურ რეკომენდაციებს წარუდგენს.

დემოკრატიზაციის პროცესის თეორიული საფუძვლები

საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის ოცდაათი წლის აღსანიშნავი პირველი ანალიტიკური ნაშრომი ზოგადი ხასიათის იქნება და ის დემოკრატიზაციის პროცესის თეორიულ საფუძვლებზე საუბარს დაეთმობა. ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზანი აქვს. პოლიტიკური თეორიები გარკვეულ წილად წარმოადგენენ შემეცნებითი სახის მანათობელ შუქურებს, რომლებიც ადამიანებს ქაოტური ყოველდღიური ახალი ამბების და მოვლენების ფონზე, კანონზომიერების და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის გზით ამ მოვლენების და პროცესების უკეთ შეცნობაში ეხმარება.

წარმოდგენილი ბლოგ პოსტების მიზანიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანი თემის - დემოკრატიზაციის პროცესის - შესახებ საზოგადოების ცნობიერების და ინფორმირებულობის ამაღლებაა. კერძოდ, წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია ერთი მხრივ, მკითხველს მოუთხროს დემოკრატიზაციის პროცესის ამხსნელი არსებული ძირითადი თეორიების შესახებ, და მეორე მხრივ მკითხველს ამ თემატიკის კიდევ უფრო დეტალური შესწავლის ინტერესი გაუღვიძოს. იმედია რომ წარმოდგენილი შრომა, რომელიც სამი ბლოგ პოსტიდან შედგება, ამ მიზანს მიაღწევს.

პირველ ბლოგ პოსტში საუბარი ძირითადად დაეთმობა დემოკრატიის და დემოკრატიზაციის ტერმინების განსაზღვრებას, ალექსის დე ტოკვილის ამერიკულ დემოკრატიასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს და მოდერნიზაციულ მიდგომას. მეორე ბლოგ პოსტში განხილული იქნება ტრანზიტოლოგია და ჰიბრიდული რეჟიმები. ხოლო ბოლო ბლოგ პოსტში ყურადღებას გამახვილდება პოლიტიკურ კაპიტალზე, პოლიტიკურ კულტურაზე და დემოკრატიზაციის პროცესზე მოქმედ საგარეო ფაქტორებზე.

შესავალი

დემოკრატიზაციის შესახებ საუბრის დაწყებამდე ბუნებრივია რომ უნდა განისაზღვროს თუ რა არის დემოკრატიზაცია და რა იგულისხმება ამ ტერმინში. პოლიტიკურ მეცნიერებაში მიღებული მოსაზრებების და დაგროვილი ცოდნის საფუძველზე შესაძლებელია დემოკრატიზაცია აღქმული იქნეს როგორც (გრძელვადიანი) პროცესი რომლის ვექტორი მიმართულია არა-დემოკრატიული მმართველობის რეჟიმიდან დემოკრატიული მმართველობის რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ.

აქვე საჭიროა განისაზღვროს თუ რა იგულისხმება ტერმინ დემოკრატიაში. ამ მხრივ მკვლევარები მიიჩნევენ რომ არა-დემოკრატიული რეჟიმიდან დემოკრატიისკენ გადასვლის პირველ ეტაპზე ქვეყანა მინიმალისტური დემოკრატიის საფეხურზე ინაცვლებს. ამ სახის დემოკრატიას მკვლევარები ასევე პროცედურულ დემოკრატიას ეძახიან. ცნობილმა პოლიტოლოგმა შუმპეტერმა 1942 წელს ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა პროცედურული დემოკრატიის განმარტება. მისი აზრით „დემოკრატია არის პოლიტიკური სისტემა, სადაც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებას (უფლებას) ინდივიდები ამომრჩეველთა ხმებისთვის კონკურენტული ბრძოლის გზით მოიპოვებენ“ (გვ. 269).

მეორე ამერიკელმა მკვლევარმა დალმა 1956 წელს დემოკრატიის უფრო ფართო განმარტება შემოიტანა, რომელსაც პოლიარქიული დემოკრატია უწოდა. დალის აზრით დემოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელია შვიდი რეალურად ფუნქციონირებადი ინსტიტუტის არსებობა :

„1) საარჩევნო უფლება;

2) საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლება;

3) სამართლიანად ორგანიზებული არჩევნები;

4) საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლების არსებობა;

5) ინფორმაციის ალტერნატიული და კონკურენტული წყაროების არსებობა;

6) ავტონომიური ორგანიზაციების, პარტიების და ანალოგიური სტრუქტურების შექმნის უფლების არსებობა და

7) მთავრობის ანგარიშვალდებულება ამომრჩევლების და არჩევნების შედეგების მიმართ“ (გვ. 84). თუმცა დალის დემოკრატიის განსაზღვრება უფრო ვრცელია ვიდრე შუმპეტერის ვერსია, ისიც პროცედურული დემოკრატიის ნიმუშად მიიჩნევა.

ყველასათვის კარგად ცნობილი პოლიტოლოგი ჰანტინგტონის მიერ 1991 წელს შემოთავაზებული დემოკრატიის განსაზღვრებაც ასევე პროცედურულ დემოკრატიას აღწერს. ჰანტინგტონის აზრით „დემოკრატია არის პოლიტიკური სისტემა, სადაც ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე კოლექტიური გადაწყვეტილებების მიმღებები აირჩევიან სამართლიანი, პატიოსანი და რეგულარული არჩევნების გზით“ (გვ. 6). ესეთი არჩევნების დროს ხმების მოპოვების შეჯიბრებით პროცესში კანდიდატები თავისუფლად მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში და ყველა სრულწლოვან ამომრჩეველს (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა) არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შესაბამისად, ჰანტინგტონისთვის დემოკრატიის განმსაზღვრელი ცენტრალური პროცედურა არის ხალხის მიერ კონკურენტური არჩევნების გზით იმ ლიდერების არჩევა, რომელიც შემდგომ მას ანუ ხალხს მართავს.

მიიჩნევა რომ დემოკრატიზაციის შემდეგი ეტაპი არსებით/შინაარსობრივ დემოკრატიაზე (substantive democracy) გადასვლაა. ესეთი სახის დემოკრატია არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალური პოლიტიკური პროცედურების (როგორიცაა მაგალითად არჩევნები) არსებობას. არამედ შინაარსობრივი დემოკრატია უპირველეს ყოვლისა შედეგებზე და წესებზეა ორიენტირებული.

მაგალითად, შინაარსობრივი დემოკრატია ძირითად მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწე აქტორების უფლებების დაცვის და მათ მიერ ამ უფლებების განხორციელების მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას. ის ასევე ხაზს უსვამს მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლის აუცილებლობას, თანასწორობის პრინციპის დაცვის და ადამიანების სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის მნიშვნელობას (მაგ. ამ კონტექსტში ხშირად საუბრობენ ქალთა უფლებების დაცვაზე და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის ხელშეწყობაზე). იმასაც კი ამტკიცებენ რომ ინსტიტუტები დემოკრატიულად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს თუ ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკაზე სახალხო კონტროლის დამყარებას და პოლიტიკური თანასწორობის მიღწევას. მაგ. მკვლევარების ჯეიკობსის და შაპიროს 1994 წლის მოსაზრებით პოლიტიკურმა სისტემამ რიგი მიზნების (ძირითადად ადამიანის უფლებების რეალიზაცისთან დაკავშირებილი მიზნების) მიღწევა უნდა შეძლოს სანამ შეიძლება რომ ის დემოკრატიულ სისტემად ჩაითვალოს.

დემოკრატიზაციის თეორიების საფუძვლები

კითხვა თუ როგორი უნდა იყოს ადამიანების საზოგადოების მართვის ოპტიმალური პოლიტიკური რეჟიმი, ანტიკურობის ხანიდან დღემდე დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს (მაგ. გავიხსენოთ პლატონის ნაშრომი ‘რესპუბლიკა’). თუმცა მკვლევარები და ფილოსოფოსები ასეთივე დიდი ხანია იკვლევენ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს- თუ რა მიზეზები/ რა ფაქტორები განაპირობებს პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებებს (მაგ. არისტოტელეს ნაშრომი ‘პოლიტიკა’).

მე-17 საუკუნეში ადამიანის ინდივიდუალური უფლებების შესახებ განმანათლებლობის იდეების გავრცელებამ და თანამედროვე სახელმწიფო სისტემების აღმოცენებამ, ისევე როგორც მე-19 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში დაწყებულმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ, ტრადიციულ რელიგიურ და მონარქისტულ საფუძვლებზე არსებული პოლიტიკური მმართველობის წესების დასუსტება და მათი თანდათანობით სხვა წესებით ჩანაცვლება გამოიწვია. შესაბამისად, ამ მოვლენებმა პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების მიზეზების შესახებ საკითხის შესწავლა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა.

დემოკრატიზაციის შესახებ თანამედროვე სოციალური მეცნიერების კვლევის ფესვები, პირდაპირად თუ ირიბად, ბოლო 2-3 საუკუნის პოლიტიკური ფილოსოფიაში შეგვიძლია ვიპოვოთ. მაგ. რუსო ამტკიცებდა რომ ადამიანების მონაწილეობა ხალხის სუვერენული ხელისუფლების ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. ჯეიმს მედისონი ‘ფედერალისტში’ მოუწოდებდა ხალხის უზენაესობის პრინციპის გარკვეული სახის ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევისკენ, რათა მომხდარიყო უმრავლესობის სურვილის და უმცირესობის უფლებების დაცვას შორის ბალანსის პოვნა. მონტესკიე თავის ‘კანონების სულში’ და ტოკვილი თავის ‘დემოკრატია ამერიკაში’ გარკვეულ წილად ერთი და იმავე რამეს ამტკიცებდენ: რომ არსებობს კავშირი ქვეყნის საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას და მასში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს შორის. მარქსის და ვებერის ნაშრომები გარკვეულ წილად ასევე ამავე თემატიკას ეხმიანებიან - თუმცა, ისინი აქცენტებს უფრო ეკონომიკური და სოციალური მოდერნიზაციის პროცესის პოლიტიკურ შედეგებზე სვამენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომში ძირითადი აქცენტები მე-20 და 21-ე საუკუნის რამდენიმე მკვლევარის მოსაზრებებზე კეთდება, მე-19 საუკუნის ერთი მკვლევარის მნიშვნელობიდან გამომდინარე მასზე ცოტა ხნით შეჩერება მნიშვნელოვანია.

ეს მკვლევარი არის უკვე ზემოთ მოხსენიებული ალექსის დე ტოკვილი.

ტოკვილი და მისი ნაშრომი „დემოკრატია ამერიკაში“

ტოკვილი იყო ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. მან ამერიკაში 1831 წელს იმოგზაურა და საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ამერიკულ საზოგადოებაზე და ამერიკულ პოლიტიკურ რეჟიმზე თავისი დაკვირვების შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელსაც ‘დემოკრატია ამერიკაში’ უწოდა.

ტოკვილი თავის ნაშრომს იწყებს ამერიკული საზოგადოების და ამერიკული პოლიტიკური რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესში პურიტანელების წვლილის შესახებ საუბრით. მისი აზრით თანასწორობის ამერიკული დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება პურიტანელების დამსახურებაა. ეს უპირველეს ყოვლისა იმის შედეგია რომ პურიტანელებს ამერიკაში ჩამოსვლის დროს ჰქონდათ ერთმანეთის მსგავსი/თანაბარი განათლება და ისინი როგორც წესი წარმოადგენდნენ საშუალო კლასს. აქედან გამომდინარე, ტოკვილისთვის გასაკვირიც არ არის რომ პურიტანელებმა ჯერ კიდევ 1639 წელს რიგ ოფიციალურ დოკუმენტებში შეიტანეს ხალხის უზენაესობის პრინციპი, რომელმაც უკვე საუკუნე ნახევრის შემდეგ- ანუ ამერიკის რევოლუციის დროს - უკვე ამერიკის კონსტიტუციაში ჰპოვა ასახვა.

ტოკვილისთვის დემოკრატია უთანაბრდება ადამიანების წინაშე არსებული პირობების თანასწორობას. ტოკვილი ასახელებს ამერიკული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ რამდენიმე თვისებას რაც მისი აზრით ამერიკული დემოკრატიული მოდელის სიძლიერეს განაპირობებს. მათ შორის ორი თვისება მის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ესენია:

- ადგილობრივი დემოკრატია (Township democracy) და

- მოქალაქეთა გაერთიანებები.

ტოკვილის მიხედვით ადგილობრივი დემოკრატიის პირობებში ადგილობრივი საზოგადოების წევრები ერთად იკრიბებიან რათა იმსჯელონ მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ. ის აღწერს თუ როგორ ქმნიან ამერიკელები გაერთიანებებს რათა ერთიანი ძალისხმევით მიაღწიონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მიზნებს. როგორც ტოკვილი ამბობს „ ამერიკელები განურჩევლად მათი ასაკისა, სოციალური მდგომარეობისა, და შეხედულებებისა მუდმივად ქმნიან გაერთიანებებს. ამერიკელები ქმნიან გაერთიანებებს რათა გაერთონ, რათა დაარსონ საგანმანათლებო დაწესებულებები, გახსნან სამიკიტნოები, ააშენონ ეკლესიები, გაავრცელონ წიგნები, გააგზავნონ მისიონერები სხვა ქვეყნებში...“ (გვ. 489-492). თავისი დაკვირვების საფუძველზე ტოკვილი ასკვნის რომ მოქალაქეთა გაერთიანებათა შექმნის თავისუფლება ერთ-ერთი ფუძემდებლური თავისუფლებაა, რომელსაც საყოველთაო ხმის უფლებასთან ერთად, თავისუფალი დემოკრატიული მოწყობა მოაქვს.

მოდერნიზაციული მიდგომა

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დემოკრატიზაციის პროცესის შესწავლის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ კი, 1959 წელს მკვლევარმა სეიმურ მარტინ ლიპსეტმა გამოაქვეყნა თავისი სტატია სათაურით ‘დემოკრატიის რამდენიმე სოციალური წინაპირობის შესახებ: ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური ლეგიტიმურობა’, რამაც საფუძველი დაუდო დემოკრატიზაციის პროცესის შესწავლის მოდერნიზაციული მიდგომის ჩამოყალიბებას.

ლიპსეტი იზიარებს ზემოთ აღწერილი პროცედურული დემოკრატიის განსაზღვრებას. მისი აზრით “დემოკრატია კომპლექსურ საზოგადოებაში არის პოლიტიკური სისტემა რომელშიც არსებობს პერიოდული/რეგულარული საკონსტიტუციო მექანიზმები, რომლებიც მმართველი პირების შეცვლის შესაძლებლობას იძლევა“ (გვ.71).

ლიპსეტის აზრით არსებობს ორი სტრუქტურული მახასიათებელი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მყარი დემოკრატიზაციის მიღწევისთვის. ესენია: ეკონომიკური განვითარება და ლეგიტიმურობა. ლიპსეტის ეკონომიკური განვითარების მოდელში შედის შემდეგი ელემენტები: ინდუსტრიალიზაცია, სიმდიდრე, ურბანიზაცია და განათლება. როგორც ის აცხადებს „ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დიდი შანსი აქვს მას რომ დემოკრატია შეინარჩუნოს“ (გვ.75).

ლიპსეტი ვარაუდობს რომ გაზრდილი სიმდიდრე ხელს უწყობს ა) საზოგადოების ქვედა კლასის (აქ სოციალურ-ეკონომიკური კლასი იგულისხმება) დაინტერესების გაზრდას დემოკრატიული ღირებულებების და ზოგადად დემოკრატიული სისტემის მიმართ და შესაბამისად, კლასობრივი ბრძოლის/დაპირისპირების შესუსტებას, ასევე ბ) საშუალო კლასის გაზრდას, რომელიც შემდგომ, თავის მხრივ, მხარს უჭერს ზომიერ და დემოკრატიულ პარტიებს და ‘სჯის’ ექსტრემისტულ პოლიტიკურ ძალებს.

ამ ორი კლასის გაზრდილი სიმდიდრის დანახვა ასევე მათ შესახებ არსებულ შეხედულებას უცვლის მაღალ კლასს და ამ კლასების მიმართ უფრო დადებითად განაწყობს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალი კლასის წარმომადგენლები უფრო კეთილგანწყობილნი ხვდებიან ამ ორი ქვედა კლასის პოლიტიკური უფლებების არსებობას და მათ მიერ ამ უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ქვეყნის საზოგადოების დემოკრატიული კულტურის გაზრდას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ შემდეგ ეტაპზე დემოკრატიული სისტემის სიძლიერეს უზრუნველყოფს.

თუმცა ლიპსეტის აზრით თუ ქვეყანაში მიღწეული ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაცისთან მიმართებით ეფექტურობის (efficient) მაჩვენებელია, ქვეყნის დემოკრატიული სისტემის სტაბილურობა ასევე ორ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული - პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობაზე და ეფექტიანობაზე (effectiveness). ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს როგორც პოლიტიკური სისტემის ეფექტიანობას ასევე მთლიანი პოლიტიკური სისტემის წარმატების ხარისხს - თუ რამდენად ახერხებს ის მმართველობის საბაზისო ფუნქციების შესრულებას. ხოლო ლეგიტიმურობა, ლიპსეტის აზრით, პოლიტიკური სისტემის უნარია დაარწმუნოს საზოგადოების წევრები იმაში რომ არსებული პოლიტიკური სისტემები საზოგადოებისთვის ყველაზე ოპტიმალური და შესაფერისია.


გამოყენებული ლიტერატურა:

Aristotle (1981) The Politics. London: Penguin Books.By ARISTOTLE

Dalh, R.A. (1956) A Preface to Democratic Theory. Chicago: University of Chicago Press.

Jacobs, L.R. & Shapiro, R.Y. (1994) Studying Substantive Democracy. PS: Political Science and Politics. 27 (1), 9-17.

Huntington, S. P. (1991) The Third Wave: Democratization in the Late Twentieth Century. Norman: University of Oklahoma Press.

Lipset, S. M. (1959) Some Social Requisites of Democracy: Economic Development and Political Legitimacy.The American Political Science Review. 53 (1), 69-10.

Madison, J. (1787) The Union as a Safeguard Against Domestic Faction and Insurrection. The Federalist Papers. 10. ხელმისაწვდომია https://avalon.law.yale.edu/18th_century/fed10.asp

Marx, K. (1993) Grundrisse: Foundations of the Critique of Political Economy. London: Penguin Books.

Montesquieu C. (2001) Spirit of the Laws. Ontario: Batoche Books.

Plato (2007) The Republic.London: Penguin Books.

Rousseau, J. (1993), Social Contract., in: Rousseau, Social Contract and Discourses. London: Everyman.

Schumpeter J.A. (1942) Capitalism, Socialism, and Democract. New York; London: Harper & Brothers.

Tocqueville, A. (2000) Democracy in America. Chicago: University of Chicago Press.

Weber, M. (1998) The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism. New York: Scribner.